ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
როგორც ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, ამოქმედებულია მხარდამჭერი ფონდები, რომლებიც გაფიცულებს ფინანსურად დაეხმარებიან.
"ჩემო ძვირფასო ბელარუსებო, მოგმართავთ სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებს, თქვენ ახალი და თავისუფალი ბელარუსის სიმბოლო ხართ. ჩვენ მშვიდობიანი და შრომისმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც შეუძლია და ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, იმ ქვეყნის მომავალს, რომლის წართმევაც ლუკაშენკოს სურს, ისე როგორც მან უკვე წაგვართვა ჩვენი არჩევანი. იმისათვის, რომ ეს უკანონობა შეჩერდეს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თქვენ შეაშინეთ დიქტატურა, გაფიცვებმა კუთხეში მოამწყვდია დიქტატურა. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ ყველა ხერხით თქვენს დაყოფას. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, რეჟიმს შანსი აღარ დარჩება", - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს.
16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.